Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საგანმანათლებლო პროგრამების  დაგეგმვის, შემუშავების, შეფასებისა და განვითარების პროცედურა

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. საგანმანათლებლო პროგრამების  დაგეგმვის, შემუშავების, შეფასებისა და განვითარების პროცედურის რეგულირების სფერო და მიზანი

1. საგანმანათლებლო პროგრამების  დაგეგმვის, შემუშავების, შეფასებისა და განვითარების პროცედურა (შემდგომში - პროცედურა) არეგულირებს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, მასწავლებლის მომზადების (60 კრედიტიანი), ქართულ ენაში მომზადებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების (შემდგომში - პროგრამა) დაგეგმვის, შემუშავების, შეფასებისა და განვითარების პროცესს. 

2. წინამდებარე პროცედურა ეფუძნება საქართველოს კანონს უმაღლესი განათლების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებსა და სხვა საკანონმდებლო აქტებს.

3. წინამდებარე პროცედურის მიზანია უნივერსიტეტში ისეთი პროგრამების განხორციელება, რომლებიც შეესაბამება უნივერსიტეტის მისიას და ემყარება შემდეგ პრინციპებს:

ა) მეცნიერების/დარგის, სახელმწიფოს ან/და საზოგადოების განვითარების საჭიროებების, ასევე ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საერთაშორისო ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებას;

ბ) დარგის თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებას;

გ) სწავლებისა და კვლევის ინტეგრირებას;

დ) სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას, სტუდენტების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებასა და ინკლუზიურობას;

ე) კურიკულუმის, სწავლა-სწავლებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაციას. 

თავი II.  საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვა და შემუშავება

მუხლი 2. საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვა და შემუშავება

1. პროგრამას შეიმუშავებს შესაბამისი მიმართულების/დარგის/ქვედარგის აკადემიური პერსონალი ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ინდუსტრიასთან და პარტნიორ ადგილობრივ და საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. პროგრამის შინაარსი, შემადგენელი კომპონენტების შინაარსი და ფორმა განისაზღვრება დანართი №1-ის შესაბამისად.  სადოქტორო პროგრამის/პროგრამების შინაარსი ასევე რეგულირდება დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტით.

2. პროგრამის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები/კოორდინატორი (დანართი №2) პროგრამას განსახილველად წარუდგენს საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების კომიტეტს (შემდგომში კომიტეტს) (დანართი №3). იგი ითვალისწინებს კომიტეტის წევრების მიერ მოწოდებულ არგუმენტირებულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს (მიზანშეწონილობის შემთხვევაში).

3. პროგრამის დაგეგმვისა და შემუშავების პროცესში კომიტეტის წევრები იკრიბებიან სულ მცირე ორჯერ.

4. მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადის გასვლამდე, ხოლო ახალი პროგრამის შემთხვევაში აკრედიტაციის მიღების სასურველ თარიღამდე[1]  სულ მცირე 1 (ერთი) წლით ადრე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს განსახილველად გადაეცემა:

ა) პროგრამა (დანართი 1);

ბ) სილაბუსები[2] (დანართი 4);

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების  ანგარიში;

დ) კურიკულუმის რუკა, პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების რუკა და პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების რუკა (დანართი 5);

ე) ცნობა ბიბლიოთეკიდან სავალდებულო ლიტერატურის საბიბლიოთეკო ფონდში ხლემისაწვდომობის შესახებ;

ვ) პროგრამის ბიუჯეტი (დანართი 6);

ზ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნებართვა პროგრამის უცხო ენაზე განხორციელების თაობაზე.

5. ერთობლივი  საგანმანათლებლო პროგრამის (დანართი N7) შემთხვევაში წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციებითა და განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით უნდა იქნეს წარდგენილი:

ა) თანხმობის წერილი ყოველი პარტნიორი დაწესებულებიდან (დანართი N8);

ბ) პარტიორი დაწესებულებების სრული სია და განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება[3];

6. შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამოწმებს პროგრამის შესაბამისობას საუნივერსიტეტო და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ წერილობით წარმოდგენილი დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პროგრამა განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის საბჭოს.

7. შესაბამისი ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას, თანხმობის შემთხვევაში ამტკიცებს და უგზავნის მას უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

8. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ერთი თვის ვადაში განიხილავს პროგრამას და დადებითი დასკვნის შემთხვევაში, წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.

9. პროგრამას ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

თავი III. პროგრამების შეფასება და განვითარება

მუხლი 3. საგანმანათლებლო პროგრამის შეფასება

1. პროგრამის  შეფასება რეგურალური პროცესია და პროგრამის კომიტეტი აფასებს საგანმანათლებლო პროგრამას, პროგრამის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი სტუდენტთა ყოველსემესტრული გამოკითხვის შედეგების (დანართი 9), სტუდენტთა საუნივერსიტეტო სერვისებით და მომსახურებით კმაყოფილების გამოკითხვის შედგების (დანართი 10), დამსაქმებლების გამოკითხვის შედეგების (დანართი 11), კურსდამთავრებულთა გამოკითხვის შედეგების (დანართი 12), პროგრამის აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის გამოკითხვის შედეგების (დანართი 13), დოქტორანტურის სტუდენტთა გამოკითხვის შედეგების (სავალდებულოა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში)(დანართი 14), პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალის შესახებ ინფორმაციის (აკადემიური საბჭოს დადგენილება 81/2018, 26/02/2018, დანართი 1 - თვითშეფასების კითხვარი აკადემიური პერსონალისთვის), მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაციისა (დანართი 15) და საგანმანათლებლო პროგრამის ანგარიშის (დანართი 16) და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ რაოდენობრივი და თვისებრივი ინდიკატორების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების წინასწარი შეფასების, განხორციელების შეფასებისა და განვითარების პროცესის ადმინისტრირების და ინფორმაციის სისტემატიზაციის მიზნით იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების პორტფოლიო (დანართი 17).

3. პროგრამის შეფასების შედეგად გამოვლენილი გარემოებების მიხედვით შემუშავდება რეკომენდაციები და მათი მიღწევის გზები პროგრამის ხელმძღვანელის, აკადემიური პერსონალის, ფაკულტეტის და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების მიერ.

4. პროგრამის შეფასების შედეგად კომიტეტის წევრები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს პროგრამის განხორციელების შემდგომი სრულყოფის მიზნით.

5. პროგრამების განხორციელების შეფასება ხდება სასწავლო წლის დასასრულს. საგანმანათლებლო პროგრამაში/პროგრამებში ცვლილებები (საჭიროების შემთხვევაში) ხორციელდება იმავე სასწავლო წლის შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე.  

მუხლი 4. პროგრამაში ცვლილების შეტანის პროცედურა

1. პროგრამაში ცვლილების შეტანა პროცედურული თვალსაზრისით ხორციელდება  პროგრამის დამტკიცებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

2. პროგრამის განახლება/პროგრამაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამის ხელმძღვანელის/ხელმძღვანელების/კოორდინატორის, ან პროგრამის განხორციელებაში ჩართული პერსონალის ინიციატივით, ან კომიტეტის რეკომენდაციების საფუძველზე.

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფს სამსახურთან შეთანხმებული ცვლილების პროექტი წარედგინება ფაკულტეტის  საბჭოს. ფაკულტეტის საბჭო შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს უნივერსიტეტის ხარიხის უზრუნველყოფის სამსახურს.

4. პროგრამაში ცვლილების პროექტს ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. 

5. საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურის (ძირითადი სპეციალობის საგანმანათლებლო კომპონენტების დამატება ან/და ამოღება, ძირითადი სპეციალობის საგანმანათლებლო კომპონენტებისთვის მინიჭებული კრედიტების ცვლილება, მოდულის დამატება ან/და ამოღება, დამატებითი სპეციალობის პროგრამის დამატება ან/და ამოღება) ცვლილების შემთხვევაში უნივერსიტეტი ვალდებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წერილობით აცნობოს ამის შესახებ ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო პროგრამაში სწავლების ენის ან/და მისანიჭებელი კვალიფიკაციის ცვლილება დაუშვებელია. ასევე, დაუშვებელია საგანმანათლებლო პროგრამების გაერთიანება ან პროგრამის გაყოფა. აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები განიხილება ახალ პროგრამად/პროგრამებად, რომელმაც თავიდან უნდა გაიაროს აკრედიტაცია.  თუმცა საგანმანათლებლო პროგრამაში მისანიჭებელი კვალიფიკაციის ცვლილება დასაშვებია, თუ აღნიშნული უკავშირდება არსებულ დარგობრივ მახასიათებელში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივ მახასიათებელთან შესაბამისობაში მოყვანას.

 

[1] იმისათვის რომ სტუდენტებმა შეძლონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებისას უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა, აღნიშნული პროგრამა მითითებული უნდა იყოს უნივერსიტეტის მიერ შევსებულ ერთიანი ეროვნული გამოცდების ანკეტა-კითხვარში. უნივერსიტეტმა აღნიშნული ანკეტა კითხვარი სსიპ - განათლების ხარისხის განითარების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოს 15 დეკემბრამდე.

[2] უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობა და სილაბუსები მზადდება როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენაზე. უცხოურ ენაზე პროგრამის და სილაბუსების მომზადებას უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი პერსონალი. უცხოურ ენაზე მომზადებული პროგრამის და სილაბუსების რედაქტირებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.

[3] ხელშეკრულების პროექტის შინაარსი განისაზღვრება „ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით მის განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის სსიპ-განათლების ხარსხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმების წესის“ დამტკიცების შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 3 თებერვლის #74 ბრძანებით და თანხმდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან.